ჩვენ შესახებ სიახლეები ციფრული შესაძლებლობები მომავლისთვის: ჩართეს სექტემბრის ბენეფიციარები

ციფრული შესაძლებლობები მომავლისთვის: ჩართეს სექტემბრის ბენეფიციარები

23 ოქტომბერი, 2026

თანამედროვე სამყაროში განათლების ხარისხს დიდწილად ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს. როდესაც სასკოლო პროგრამა, უცხო ენების სწავლა თუ უმაღლესი სასწავლებლისთვის მზადება ინტერნეტსივრცეში ინაცვლებს, კომპიუტერი არა დამხმარე ნივთად, არამედ განვითარების ფუნდამენტურ ინსტრუმენტად იქცევა.

სწორედ ამ შესაძლებლობების შესაქმნელად, სკაპი „ჩართეს“ მოსწავლეების მხარდაჭერას განაგრძობს. სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, პროექტის ფარგლებში სამეგრელოში მცხოვრებ ოთხ უფროსკლასელს პერსონალური ლეპტოპები გადაეცა. თითოეული მათგანისთვის საკუთარი კომპიუტერი ინტერესების გაღრმავებისა და მიზნების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებაა. 

alexcharte

სანამ საკუთარი კომპიუტერი ექნებოდა, ალექსისთვის სკოლის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. დღეს პროცესი სრულიად შეცვლილია: ახალი ლეპტოპით ის უკვე დამოუკიდებლად აწყობს სასკოლო პრეზენტაციებს და სხვადასხვა საგნის ვიდეოგაკვეთილებს უყურებს.

ციფრული უნარების განვითარებასთან ერთად, ალექსი დროს მხატვრულ ლიტერატურასაც უთმობს, კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა, რადგან სწამს, რომ წიგნები ცოდნის მიღების საუკეთესო გზაა. 

tatiacharte

თათია აბიტურიენტია და ახლა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდია, ის სამომავლო პროფესიისა და უნივერსიტეტის შერჩევის ეტაპზეა. დარწმუნებულია, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ამ პროცესში სწორი არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს.

სკოლაში თათიას საყვარელი საგანი მათემატიკაა, თავისუფალ დროს კი უყვარს იმ რთულ კითხვებზე პასუხების მოძიება, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს. ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა მას საშუალებას აძლევს, საინტერესო თემები სიღრმისეულად შეისწავლოს და მომავალი აკადემიური ცხოვრებისთვის მყარი საფუძველი მოამზადოს.

mariamicharte

მარიამი დამამთავრებელ კლასშია და მიზანი მკაფიოდ აქვს დასახული, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს. ახალ ლეპტოპს უკვე ყოველდღიურად იყენებს: ასრულებს საშინაო დავალებებს, ატარებს საჭირო კვლევებს და YouTube-ის საშუალებით ინგლისურის ცოდნას იღრმავებს.

ninicharte

ნინის ბავშვებთან ურთიერთობისა და უცხო ენების სიყვარულმა გადააწყვეტინა, ინგლისური ენის მასწავლებელი გახდეს. უმაღლესი სასწავლებელიც უკვე არჩეული აქვს, ის ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. ამის პარალელურად, ნინის ჰობი კულინარია და ენების სწავლაა. ახალი კომპიუტერი მისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტია როგორც უცხო ენების დასახვეწად, ასევე თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებსა და რესურსებზე სამუშაოდ.

სკაპისა და „ჩართეს“ თანამშრომლობა ეფუძნება რწმენას, რომ ნიჭსა და შრომას შესაბამისი გარემო და დროული მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც მოზარდებს აქვთ ინსტრუმენტები საკუთარი იდეების განსახორციელებლად, მათი დიდი მიზნები რეალურ შედეგებად იქცევა - ალექსის, თათიას, მარიამისა და ნინის წარმატების გზა კი სწორედ ამ ახალი ნაბიჯებით იწყება.

გაზიარება

სხვა სიახლეები